კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

EU-ს როუმინგის სივრცესთან მიერთებით, ქართველ აბონენტებს ხარჯები შეუმცირდებათ – კვლევა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2023

ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთებით, აბონენტებს მობილური მომსახურებების მისაღებად გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ. ამის შესახებ ეკონომიკური გავლენის ანალიზშია აღნიშნულია.

EU-ს როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით მიმდინარე ეკონომიკური გავლენის ანალიზის შედეგები, კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) და ეკონომიკის სამინისტრომ მობილურ ოპერატორებს გააცნეს.

პროექტი შესაბამისი სამართლებრივი თუ ეკონომიკური საფუძვლების მომზადებას, როუმინგული ტარიფების შემცირებას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის განხორციელებულ საერთაშორისო ზარებზე როგორც საბითუმო, ისე საცალო ტარიფების კლებას ემსახურება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში როგორც დიდ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ინოვაციური საკომუნიკაციო პროდუქტებით და ამასთან, გააფართოონ მათ მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტების მოხმარების არეალი.

„მიერთება ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული ბაზრის განვითარებას, ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს. გაუმჯობესდება მდგომარეობა ტურიზმის თვალსაზრისითაც და ტურისტებისა თუ უცხოელი ინვესტორებისთვის, საქართველო მეტად მიმზიდველი გახდება“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის როუმინგულ სივრცეში გასაწევრიანებლად, როუმინგთან დაკავშირებული საქართველოს სამართლებრივი ბაზა და მარეგულირებელი ნორმები, სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (BEREC) კანონმდებლობას და რეგულაციებს.

„სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში, შესწავლილი იქნება ევროკავშირისა და საქართველოს სამართლებრივი გარემოს დაახლოების საჭიროებები, რის შემდეგაც, კვლევაში მონაწილე კვალიფიციური ექსპერტები, შემდგომი ნაბიჯების რეკომენდაციებს წარმოადგენენ. ასევე, ComCom-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალისტების ჩართულობით, მომზადდება პირველადი და მეორადი კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფენ“, – აცხადებენ ComCom-ში.

შეგახსენებთ, როუმინგის ერთიანი ევროპული სივრცის მომსახურებები მოიხსენიება Roam Like at Home (RLAH) სახელით, რაც ევროკავშირის ქვეყნების აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს, ამ ქვეყნებში გამოიყენონ თავიანთი მობილური მომსახურებები როუმინგის დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, ან ისარგებლონ მნიშვნელოვნად შემცირებული ტარიფებით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია