კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამდენ ოლქში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური კახეთში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ოქტომბერი 2021

კახეთის რეგიონის  სამ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები ჩატარდება თელავის მე-17 ოლქში, ასევე ახმეტის ერთ და ყვარლის ერთ მაჟორიტარულ ოლქში.

ქალაქის მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება თელავის 55 საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს: ესენია ,,ქართული ოცნებიდან” ლევან ანდრიაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ბოტკოველი. თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, მეორე ტურში ბარიერი აღარ იარსებებს და გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება.

,,ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა ხმების- 45, 42% მიიღო. ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა ხმების- 46,75%. პარტია ,,საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა გიგა ორკოდაშვილმა კი ხმების 7, 83%. აღნიშნული მონაცემებით, თელავში არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც მმართველი პარტიის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი იყრიან კენჭს’’,- განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.

მეორე ტური თელავში 30 ოქტომბერს  გაიმართება. ადგილობრივებს მერის არჩევა ორ კანდიდატს შორის მოუწევს. აღნიშნულ საკითხზე knews.ge-მ გამოკითხვა თელავში ჩაატარა. გამოკითხულთა უმეტესობის თქმით, ისინი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ და საკუთარ კანდიდატს მისცემენ ხმას.

,,მივდივარ კი არჩევნებზე, ხმას იმ კანდიდატს მივცემ ვისაც პირველ ტურში დავუჭირე მხარი. კანდიდატი მისი დაპირებების მიხედვით შევარჩიე’’,- განუცხადა Knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა მაია უჯირაულმა.

არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ახმეტის მუნიციპალიტეტის დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში. მეორე ტური გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ელდარ ბაღაკაშვილს შორის გაიმართება.

ცესკოს მონაცემებით, მესამე მაჟორიტარულ ოლქში სავალდებულო 40%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ორ უბანზე მიღებული ხმების მიხედვით, დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში ორივე უბანზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხმების 30,89% მიიღო, ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა კი ხმების 37,5 % მიიღო.

ხმების 29,86 % დააგროვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისლამ მარგოშვილმა; „პატრიოტთა ალიანსიდან“ შამილ გაურგაშვილმა 1,76 % მიიღო.

მეორე ტურია ჩანიშნული ყვარლის მუნიციპალიტეტის საბუე-ალმატის ოლქში. ერთმანეთს ,,ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა ბერიაშვილი და პარტია ,,საქართველოსთვის” კანდიდატი რატი ტურიაშვილი დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, 7 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატი ხმათა უმრავლესობით პირველივე ტურში გამოვლინდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უმეტესობაში ხმების დიდი პროცენტი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

რაც შეეხება სხვა ოლქებს, მერები პირველივე ტურში გამოვლინდნენ. პირველივე ტურში გამოვლინდნენ გამარჯვებულები მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში, სადაც ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს.

კახეთში 8 საარჩევნო ოლქიდან ყველაზე მეტი წარმომადგენელი საკრებულოებში მმართველ პარტიას ეყოლება. ცესკოს მონაცემებით, ,,ქართულ ოცნებას” საკრებულოებში ეყოლება 182 წარმომადგენელი, ,,ნაციონალურ მოძრაობას” კი 83, პარტიას ,,საქართველოსთვის” – 5, ,,ევროპულ საქართველოს” – 1, ,,ლელოს” -1, ,,სახალხო პარტიას”-2, ,,მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელს”-1 და დამოუკიდებელი კანდიდატი-1.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია