კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ მუშაობს ინტერმუნიციპალური პროექტები კახეთში

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მაისი 2022

ბოლო რამდენიმე წელია კახეთის რეგიონში ინტერმუნიციპალური პროექტების განხორციელების და მუნიციპალიტეტების ერთობლივი თანამშრომლობის კუთხით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

თვითმმართველობები ერთი პრობლემის გარშემო ერთიანდებიან და ერთობლივი თანხებით ცდილობენ არსებული გამოწვევების მოგვარებას. აღნიშნულ საკითხზე ვორქშოპი, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონულმა ჰაბმა ჩაატარა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითია ცხოველთა ინტერმუნიციპალური მართვის სააგენტოს მუშაობა გურჯაანში, რომლის მართვაშიც რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი იღებს მონაწილეობას.
სააგენტოს დირექტორი, თეიმურაზ ზავრაშვილი აცხადებს, რომ ცხოველთა მართვის კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუნიციპალიტეტები გარკვეულ თანხებს ხარჯავენ, სააგენტო კი უზრუნველყოფს რეგიონში აღნიშნული კუთხით აქტიურად იმუშავოს.

,,ჩვენი სააგენტო 2021 წელს შეიქმნა და ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის. მათ მიერ შეირჩნენ პირები, რომელიც პასუხისმგებლები იყვნენ ამ სამსახურის საქმიანობაზე. სანამ მუშაობას დავიწყებდით აქტიურად, მოგვარდა ინფრასტრუქტურული პრობლემები, გაიმართა საოპერაციო ბლოკი, ადმინისტრაციული ბლოკი, შეირჩნენ ექიმები და დატრენინგდნენ. ვმუშაობთ ყოველდღიურად და დღემდე 1300-მდე ძაღლს დავეხმარეთ. მოვახდინეთ მათი კასტრაცია, სტერილიზაცია, დაავადებულების, დაშავებულების ან დაჭრილების მკურნალობა. დებულებით, რაც შეიძლება მალე უნდა გავიდეს სააგენტოდან ძაღლი და დაუბრუნდეს ადგილს საიდანაც ავიყვანეთ, რადგან ბევრი ძაღლია რომელსაც დახმარება სჭირდება.

სულ 116 ვოლიერი გვაქვს და სხვადასხვა განყოფილებებად არის დაყოფილი. სრულად შეგვიძლია 150 ძაღლი გვყავდეს, თუმცა მომსახურე პერსონალია ცოტა. რაც შეეხება ორგანიზაციას, არის ინტერმუნიციპალური და დამფუძნებლია რვავე მუნიციპალიტეტი. მეტი ყურადღება უფრო ტურისტულ ქალაქებს ექცევა, რადგან ტურისტებს ბევრი პრობლემა ექმნებათ ამ კუთხით. ეს არ არის ერთი მუნიციპალიტეტის ან რეგიონის პრობლემა. ეს არის ქვეყნის პრობლემა და მოსაგვარებელია, რადგან ბევრი მიუსაფარი ცხოველია ,”,- განუცხადა Knews.ge-ს თეიმურაზ ზავრაშვილმა.

მეორე ინტერმუნიციპალური პროექტი, რომელიც კახეთის რეგიონში აქტიურად მუშაობს ააიპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია “ვიზით კახეთია”. (DMO – ” Visit Kakheti “). ის კახეთში დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, რომელიც მიზნად ისახავს კახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას.

,,შეხვედრისას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, ვისაუბრეთ როგორ ხდება მუნიციპალიტეტების ჩართულობით ჩვენი დაფინანსება და რა სახის პროექტები ხორციელდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი სამსახური ინტერმუნიციპალურია და სასიხარულოა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან მხარდაჭერა წამოვიდა. რეგიონის განვითარებისთვის ინტერმუნიციპალური სამსახურების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. ამაში კი აუცილებელია სამოქალაქო სექტორის და თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობა. ,,DMO – ” Visit Kakheti ” ემსახურება კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს და მისი ძირითადი ფუნქცია არის ტურიზმის განვითარება, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდაზე მუშაობა და ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება,”,- განუცხადა Knews.ge-ს ორგანიზაციის DMO – ” Visit Kakheti” აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი შოშიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობა კონკრეტული პრობლემის მოგვარებისთვის შედეგიანი და მნიშვნელოვანია.

,,გავეცანით ინტერმუნიციპალურ პროექტებს. ასევე მოვინახულეთ ცხოველთა ინტერმუნიციპალური მართვის სააგენტო. მნიშვნელოვანია ასეთი სააგენტოს რეგიონში ფუნქციონირება იმისთვის, რომ ქუჩაში იყვნენ ძაღლები ჯანმრთელი და ნაკლებად საშიში. მსგავსი პროექტების განხორიციელება მუნიციპალიტეტების მიერ, როცა ისინი ერთობლიად ფიქრობენ რაიმე პრობლემის გადაწყვეტაზე უმნიშვნელოვანესია.”

მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის მაგალითების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გაცნობის მიზნით, კახეთის რეგიონულმა ჰაბმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, სადაც დამსწრეები გაეცნენ ცხოველთა ინტერმუნიციპალური მართვის სააგენტოს მუშაობას, მოინახულეს ცხოველები და ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ მუშაობს ააიპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია “ვიზით კახეთი”.

კახეთის რეგიონული ჰაბის დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა, რომ სალოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაინეტერესებულები იყვნენ ინტერმუნიციპალური პროექტების მუშაობით და შეხვედრაც სწორედ ამიტომ დაიგეგმა.

,,ვორქშოპი იყო კახეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებული ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას. ჩვენი კვლევების საფუძველზე გამოვლინდა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს აქვთ სურვილი ითანამშრომლონ და მიიღონ მეტი ინფორმაცია ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის პროექტების მუშაობაზე. რეგიონში მუშაობს ორი ინტერმუნიციპალური ააიპ ორგანიზაცია და ამან ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში.

შეხვედრა ორ ნაწილად გაიმართა. პირველი ნაწილი იყო ცხოველთა თავშესაფრის მონახულება და მის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და მეორე ნაწილი კი დაეთმო ვორქშოფს, ინტერმუნიციპალური პროექტების განხორციელების მექანიზმებს და იმ შესაძელებლობებს , თუ რა შეიძლება გააკეთოს სამოქალაქო სეტორმა იმისთვის, რომ უფრო მეტად იყოს მორგებული ეს პროექტები მოქალაქეების ინტერესებზე,”,– განაცხადა მაია მამულაშვილმა.

თვითმმართელობის საკითხებში ექსპერტის, არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონის განვითარების ცენტრის დირექტორი ლიზი სოფრომაძე აცხადებს, რომ ინტერმუნიციპალური პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. მისი თქმით, მუშაობის ეს მეთოდი ევროპაშიც კარგად მუშაობს.

,,სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შევხვდით ინტერმუნიციპალური თანამშრომლობით ჩამოყალიბებულ ორგანიზაციებს. ერთია რომ ადგილზე ათვალიერებ სერვისს, ნახულობ როგორ მუშაობს პროექტი და ისმენ დეტალებს, როგორ ფინანსდება, როგორ იხარჯება და ა.შ. მეორეა ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იაზრებს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობას.

დღეს არის ისეთი საკითხები, რომელსაც მუნიციპალიეტეტი მარტო ვერ ერევა. ევროპაშიც ძალიან წახალისებულია ეს პრაქტიკა და საქართველოშიც მკვიდრდება მუნიციპალიტეტების გაერთიანება პრობლემის ერთობლივი მოგვარების მიზნით. ძალიან სასიხარულოა, რომ კახეთში გვაქვს ასეთი მუშაობის მაგალითები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან სერვისს აწვდიან კახეთის რეგიონს”,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ლიზი სოფრომაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია