კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში წარმოებული კრაფტული ღვინოებით უცხოელი ექსპორტიორები ინტერესდებიან

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 დეკემბერი 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წარმოებული ბიო ღვინო რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე გავა. ამჟამად კრაფტული ღვინო იაპონიაში უკვე იყიდება.
ღვინის მწარმოებელი მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ბერლინში გამართულ გამოფენაზე “Raw Wine Expo Berlin 2022” მისმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
,,გერმანიაში ჩატარდა Raw Wine ფესტივალი, სადაც ძირითადად, მონაწილეობდნენ ბიო და ნატურალური ღვინის მწარმოებლები როგორც ევროპიდან, ასევე ავსტრალიიდან, ზელანდიიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოდან წარმოდგენილი იყო 19 ღვინის მარანი. გამოფენაში მონაწილეობის მიღების უფლება ქონდათ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს ბიო სერტიფიკატი, და ვინც არის ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი. ამ ასოციაციაში გაწევრიანება ძალიან პრესტიჟულია, სერიოზული მონიტორინგის შედეგად ხდება მათი წევრობა. მიმდინარე წელს გავწევრიანდი და დიდი სურვილი მქონდა, მიმეღო მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში“.
მისივე თქმით, საოჯახო მარანს გამოფენაზე წარდგენილი ჰქონდა 2020 წლის 2 სახეობის ღვინო – რქაწითელი და საფერავი.
,,დიდი თანადგომა გაგვიწია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ. დაგვეხმარა ფინანსურად, გააგზავნა ღვინის ნიმუშები, უზრუნველყვეს ტრანსპორტირებაც. ყველა მეღვინესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიება, სადაც მოწვეულები იყვნენ სომელიები, ექსპორტიორები, რესტორნის და კაფე–ბარების მფლობელები. ისინი ბუნებრივ, ბიოლოგიურ ღვინოზე აკეთებენ აქცენტს. დავამყარე კონტაქტები როგორც ექსპორტიორებთან, ასევე კაფე–ბარის მფლობელებთან. დაინტერესდნენ ჩემი ღვინოებით და უკვე გვაქვს კომუნიკაცია, ვსაუბრობთ სხვადასხვა დეტალებზე. რამდენიმე თევში ჩვენი საოჯახო ღვინო გავა გერმანიის ბაზარზე, სავარაუდოდ, რამდენიმე ბიო ღვინოს მაღაზიაში და კაფე ბარში“.

ღვინის წარმოება ოჯახმა 2017 წლიდან დაიწყო. პირველი მოსავალი 2020 წელს მიიღო. მოსავალის დასაბინავებლად კი გადაწყვიტეს, მცირე ტიპის საოჯახო მარანი აეშენებინათ და ყურძენი ქვევრში ჩაეწურათ.
,,ვენახი გავაშენთ 2017 წლიდან. ნაკვეთი მდებარეობს ფაფრის ველზე, მიკროზონაში. იმ წელსვე დავრგეთ საფერავის ჯიშის ნერგები. შემდეგ, გადავწყვიტეთ დაგვერგო რქაწითელისა და ხიხვის ნერგებიც. 2019 წელს რამდენიმე მტევანი იყო თითოეული ვაზის ძირზე. გავაცალეთ რათა ფესვები უფრო ღრმად წასულიყო და მეტი მინერალები შეეთვისებინა. 2021 წლის ღვინო ჯერ არ ჩამოგვისხია რადგან ბიო და ნატურალური ღვინო უნდა ჩამოისხას დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ დაწურვიდან. ჩვენი საოჯახო მარანი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა გამოფენებში, კონკურსებში. რამდენიმე თვეში ჩვენი პროდუქტი გავა ამერიკის ბაზარზეც“.
მისივე განცხადებით, საოჯახო მარანი 3 დეკემბერს პოლონეთში, კრაკოვში მონაწილეობას მიიღებს კიდევ ერთ ღვინის გამოფენაზე.
,,ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია “ქალები ღვინის ინდუსტრიაში”. ქართველი მეღვინე ქალების პროდუქციის გამოფენა გაიმართება პროექტის ფარგლებში “ქართველი მეღვინე ქალები საზღვრებს გარეშე. გამოფენას დაესწრებიან სომელიეები, ექსპორტიორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ამ ღონისძიებაზეც დიდ იმედებს ვამყარებთ“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია