სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,მკვლელი ქარხნები” და ნულს გატოლებული CSR…(ვიდეო)

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2019

ფოთში ბევრი ქარხანა ფუნქციონირებს. მათ შორის ორი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს. ქარხნების სიმრავლე, დასაქმების თვალსაზრისით, იცოცხლეთ, კარგია, მაგრამ ასე ნამდვილად არ (ვერ) ფიქრობენ აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლები. პირიქით, ისინი msnews.ge -სთან გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ და თავიანთი სახლების წინ მდებარე მეტალურგიული ქარხნის და “კავკასიან მეტალს ტერმინალის” არსებობას აპროტესტებენ, თანაც საკმაო დიდი ხანია, თუმცა, როგორც იტყვიან, მათი პროტესტი რჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, რადგან არავის ესმის და არც არავინ ფიქრობს მათ მოსმენას. მაცხოვრებლები მუდმივად დაბინძურებულ ჰაერზე, მტვერსა და გამონაბოლქვზე საუბრობენ.

მათი თქმით, ძნელია იცხოვრო ისეთ პირობებში, როდესაც არ იცი, რა დროს რა დაგემართება და ჯანმრთელობა მუდმივად რისკის ქვეშ დგას. ისინი იმასაც იხსენებენ, რომ წლების წინ, აქ დასახლებისას, ეს ადგილი ქალაქის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ადგილი იყო, ქარხნების აშენების შემდეგ კი, აქ ნორმალურად სუნთქვაც კი გაძნელდა.

ხათუნა ლომთაძე ჭავჭავაძის # 173 -ში ცხოვრობს. როგორც ამბობს, აქ დაბადებული და გაზრდილია და კარგად ახსოვს წლების წინ არსებული მდგომარეობა. დღეს ის მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, მარტოხელა დედა გახლავთ და  რამდენიმე წელია, ონკოლოგიური ავადმყოფია: ,,სწორედ “მეტალურგიული ქარხნისა” და “კავკასიან მეტალს ტერმინალის” გახსნის მერე აუტანელი გახდა აქ ცხოვრება. ჰაერი დაბინძურებულია, საშინელი სუნი დგას, შავი ღრუბელივით დგას გამონაბოლქვი. “მეტალურგიულ ქარხანას”, ე.წ “ ოქროს ქვიშა” დიდი მანქანებით გადააქვს ღია წესით. ხშირად, გადაადგილებისას, იფრქვევა ქუჩაში, მერე წყალს ასხამენ, რომ გადარეცხონ, მაგრამ ყველაფერი ეს ხალხის მოტყუებაა და სხვა არაფერი. ასე იწამლებიან ადამიანები”.

როგორც ლომთაძე  გვეუბნება, მას და მის შვილს წლების წინ დაუდგინდათ ორგანიზმში ტყვიის ნორმაზე 3- ჯერ მეტი რაოდენობა. როდესაც ლომთაძეს მოვთხოვეთ ამის დამადასტურებელი საბუთი, გვითხრა, რომ დაკარგა ზემოთ ხსენებული დოკუმენტი. ლაბორატორიაში კი გავარკვიეთ, რომ ლომთაძის ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში, მას ანალიზების პასუხს გადასცემენ.

“ვვარაუდობ, რომ ტყვიის რაოდენობა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას კატასტროფულად მაღალი ექნება. მე და ჩემმა შვილმა ანალიზი გავიკეთეთ ტყვიაზე ლაბორატორია “მრჩეველში”. ანალიზი გერმანიაში გაიგზავნა და დაგვიდასტურდა, რომ გვაქვს ორგანიზმში ნორმაზე 2-3 – ჯერ მეტი ტყვია. “მეტალურგიულ ქარხანაში” არ არსებობს გამწოვი, იმდენად დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი გამოიყოფა, რომ ირგვლივ ყველაფერი შავია, გაფენილი სარეცხიც კი.  მანდარინის, ლიმნის, ფორთოხლისა თუ სხვა ხეების ფოთლები გაშავებულია, ბოსტანს ვერ ვაკეთებთ, რადგან მიწა გაფუჭდა და არაფერი მოდის. ჩვენი  თხოვნაა, გადაიტანონ ქარხანა ქალაქიდან და მოსახლეობისგან მოშორებით”- გვითხრა ხათუნა ლომთაძემ.

ამ ქუჩის მაცხოვრებლებიც არ გამორიცხავენ, რომ მათაც ჰქონდეთ ორგანიზმში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი. როგორც გვეუბნებიან უსახსრობის გამო ანალიზები ვერ გაიკეთეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოსახლეობის უმრავლესობამ ჩვენთან საუბრისას ვინაობის გამხელაზეც თავიც  კი შეიკავა. 

ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დასაქმებულია ზემოხსენებულ ქარხნებში, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მათთვის გვერდიგვერდ მდებარე ორი ქარხნისთვის “მკვლელი ქარხნები” ეწოდებინათ.

მსგავსი მაგალითები საქართველოში მრავლადაა. სამრეწველო ბიზნესის მწარმოებლები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი და რა ზარალი ადგება მათი წარმოებით გარემოს და რაც უფრო სავალალოა, ადამიანების ჯანმრთელობას, ამას ნაკლებად დაგიდევენ, ანუ მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), ფაქტობრივად, ნულს უტოლდება. 

„კავკასიან მეტალს ტერმინალის“ ხელმძღვანელი ირაკლი კვარაცხელია თვლის, რომ მოსახლეობა აჭარბებს და საწარმოში მიღებული ნივთიერებები არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

მეტალურგიული ქარხნის დირექტორ გიორგი ნანავასთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ქარხანაში გამწოვების დაყენებითა და თანამშრომლების გადამზადებით შემოიფარგლა. არადა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი გამოვლინება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და შრომითი უფლებების დაცვა, გარემოზე და თემზე ზრუნვაც გახლავთ. 

რა ხდება ამ მხრივ განვითარებულ ქვეყნებში?

იქ სოციალური პასუხისმგებლობა მაღალია. მაგალითად, ქველმოქმედება ნებისმიერი გერმანელისათვის სახელმწიფოებრივი არსებობის და საზოგადოებრივი თანაცხოვრების აუცილებლობაა და ამისთვის სპეციალური ფონდებიც კი იქმნება, რომლებიც პრიორიტეტების მიხედვით მოქმედებენ, იქნება ეს ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, განათლება, ჯანდაცვა თუ გარემოს დაცვა და ა.შ.

რაც შეეხება  ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ ქვეყანაში 16.3 ტრილიონი დოლარი პროფესიული მენეჯმენტის საინვესტიციო თანხიდან სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტიცია 13 პროცენტს შეადგენს.

მოყვანილი მაგალითებიც კი საკმარისია იმის გასარკვევად, რომ  ეთიკურ-სოციალურ და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი იმ საინვესტიციო კაპიტალთან, რომელიც სხვა შემთხვევაში მათთვის მიუწვდომელი იქნებოდა.

დავუბრუნდეთ ჩვენს რეალობას. როგორც აღვნიშნეთ, CSR- ჩვენს ქალაქში მოქმედ სამრეწველო ბიზნესს არ გააჩნია, რადგან არაფერი ხელშესახები და თვალშისაცემი ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა, თუნდაც პატარა ლამაზი სკვერი, სათამაშო მოედანი  ზემოხსენებული ქარხნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მით უმეტეს, როცა გარემოს ზედამხედველობის და ინსპექტირების სააგენტოს მიერ გაკეთებული შემოწმების შემდეგ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ (მეტალურგიული ქარხანა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა 5000 (ხუთი ათასი) ლარით, ხოლო  1000 ლარით დაჯარიმდა “შპს „კავკასუს მეტალს ტერმინალი” (სპილენძის კონცენტრატების სასაწყობე ტერმინალი), 2018 და 2019 წლებში ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში სიახლეა და იქნებ ამიტომაცაა, რომ ჩვენმა ბიზნესმენებმა ჯერაც ვერ გააცნობიერეს მისი  სარგებლიანობა, მაგრამ ალბათ, თავის მხრივ, სახელმწიფოც და ბიზნესმენებიც იზრუნებენ  CSR – საფუძვლიანად დამკვიდრებაზე. 

ავტორი  ინგა გვასალია

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია